Monday, June 13, 2011

ინტერნეტი IP-მისამართების დეფიციტის ზღვარზე

ყველა კომპიუტერს ინტერნეტში, უნიკალური მისამართი გააჩნია, მას IP მისამართი ეწოდება. ყველა პროვაიდერს მსოფლიოს მასშტაბით, თავისი IP საზღვრები აქვს, რომლის ფარგლებშიც შეუძლია გასცეს IP  
მისამართები თავის კლიენტებზე


ინტერნეტის მამებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს – ისინი კარსმომდგარი ტექნოლოგიური პრობლემით არიან შეშფოთებულები. ინტერნეტის დამისამართების მარეგულირებელი სააგენტოს, IANA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას IP-მისამართების უკანასკნელი ბლოკები გასცეს ISP-ებზე ანუ ინტერნეტის სერვის-პროვაიდერებზე. ამით პრობლემა, რომლის შესახებაც გასული ხუთი წელიწადია მსჯელობენ, აქტუალური გახდა. დასავლურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ “ინტერნეტი გაივსო” და უმალვე დაიწყეს ათი წლის წინანდელ მილენიუმის პრობლემასთან პარალელების გავლება. გახსოვთ, ალბათ, დაუდევარმა პროგრამისტებმა დროის აღსარიცხად პროგრამებში მხოლოდ ორი ციფრი რომ გაითვალისწინეს და 99-ის შემდეგ 00-ის დადგომას ყველა ისე რომ ელოდა, როგორც მეორედ მოსვლას, თუმცა წინასწარ დაჭერილი თადარიგის წყალობით კატაკლიზმს ადგილი არ ჰქონია და ეს ამბავიც წარსულს ჩაბარდა.



გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიები ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაშინდელ ინჟინრებს აზრადაც კი არ მოუვიდოდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც IP-მისამართის ოთხი ბაიტისაგან შემდგარი კომბინაცია, ანუ ე.წ. IPv4, ინტერნეტში ჩართულ ყველა მოწყობილობას ვერ დაამისამართებდა. პრობლემა ისაა, რომ IP-მისამართის ოთხი ბაიტი თეორიულად 232, ანუ 4294967296 მისამართს იტევს (დავამრგვალოთ – 4.3 მილიარდამდე), ბოლო წლებში მომრავლებული ქსელური მოწყობილობების – მობილური ტელეფონების, ნეტბუქების, ლეპტოპების და კომპიუტერების წყალობით კი, რომელთაც “დატიუნინგებული” მაცივრები და ტელევიზორებიც შეუერთდნენ, IP-მისამართებისდეფიციტი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ინტერნეტში მოვისურვებთ “შესვლას”, ჩვენი პროვაიდერი IP-მისამართს არ მოგვანიჭებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველა IP-მისამართი უკვე დაკავებული იქნება. მაგალითისთვის, ეს პრობლემა უკვე დგას ჩინეთში, სადაც ერთ IP-მისამართზე 4 სული მოსახლე მოდის.

მილენიუმის პრობლემისაგან განსხვავებით IP-მისამართების პრობლემას არ გააჩნია კონკრეტული თარიღი. უცნობია ზუსტი დრო, როდესაც ის კარზე მოგვიკაკუნებს. ეს გარემოება ინტერნეტპროვაიდერებს საშუალებას აძლევს თავი ისე მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი რიგზეა – ოღონდაც გაუთვალისწინებელი ხარჯები არ გაიღონ. საინტერესოა ისიც, რომ სირთულის გადაჭრაზე უკვე იზრუნეს და აგერ უკვე რამდენიმე წელია IPv4-ის პარალელურად IPv6 არსებობს. ეს უკანასკნელი 128 ბიტ-ინფორმაციას შეიცავს და იმდენად კოლოსალური რაოდენობის ქსელური მოწყობილობების დამისამართება შეუძლია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს (2128, რაც ოცდაცხრამეტნიშნა რიცხვია!). ისმის შეკითხვა: თუ IPv6 არსებულ პრობლემას გადაჭრის, რატომ აგრძელებს ყველა ძველი ვერსიით სარგებლობას? – ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ანალოგიას მივმართოთ: დედამიწაზე უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ამოწურვად ნავთობს ჩაანაცვლებენ, თუმცა მთელი მსოფლიო ავტომობილებში კვლავაც  საწვავს ასხამს, მაშინ, როდესაც ელექტრომობილებით სარგებლობა შეიძლება! პრობლემა ისაა, რომ IPv6 ძველ მოწყობილობებთან არათავსებადია. თუ ერთ მშვენიერ დღეს, მთელი ინტერნეტი პროტოკოლის ახალ ვერსიაზე გადავა, ყველას ძველი რუტერების გადაყრა და ახლის შეძენა მოუწევს ისევე, როგორც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შეცვლა იქნება საჭირო, როგორც კი ნავთობი ამოიწურება.

ვინსენტ სერფის, ინტერნეტის ერთ-ერთი მამის და კომპანია Google-ის ინტერნეტ-მოციქულის აზრით, IP-მისამართების პრობლემა მსოფლიოს სერიოზულ თავის ტკივილს გაუჩენს. ექსპერტები ასახელებენ თარიღს, როდესაც ამ პრობლემასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა – 2012 წლის 1 იანვარი. ასე რომ, მომავალ წელს ექსპერტთა “პროგნოზით” წლის დასაწყისში ინტერნეტის დამისამართების პრობლემა გველის, წლის ბოლოს კი – პლანეტა ნიბირუ გვესტუმრება!

No comments:

Post a Comment